„ჩვენ უფრო მეტი ნატო-თი ვიქნებით წარმოდგენილი საქართველოში, რაც არის ყველაზე საიმედო გარანტია საფრთხეების შეკავებისთვის“

ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
„მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები კონკრეტული გზავნილებითა და გეგმებით. პრაქტიკული თანამშრომლობის ის მექანიზმი, რომელიც გვაქვს ნატო-სთან და გარკვეულ ინიციატივებს მოიცავს, პროგრესით მიმდინარეობს. მეტიც, წელს უმრავლესი მათგანი წარმატებით დასრულდება. ჩვენ უკვე განვიხილავთ თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, რომელიც უფრო ყოვლისმომცველ სპექტრს მოიცავს, განსაკუთრებით – ერთობლივი სწავლებების კომპონენტს; მათ შორის, ახალი ელემენტების – საზღვაო, ამფიბიური და კიბერუსაფრთხოების ინტეგრირება ერთობლივ სწავლებებში. ჩვენ უფრო მეტი ნატოთი ვიქნებით წარმოდგენილი საქართველოში, რაც არის ყველაზე საიმედო და მყარი გარანტია საფრთხეების შეკავებისთვის. ამ მიზნით, კონკრეტული გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, რომ, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევა მიემართოს იმისკენ, რომ რეგიონში მეტი ნატო იყოს წარმოდგენილი. ეს კი, ყოვლისმომცველი სტრატეგიის ფარგლებში, რეგიონში ნატო-ს მხრიდან მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო და შეხვედრები გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან – იენს სტოლტენბერგთან, მის მოადგილესთან და სხვა უცხოელ კოლეგებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები