შემოსავლების სამსახურმა და აღსრულების ბიურომ მემორანდუმი გააფორმეს
შემოსავლების სამსახურსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს შემოსავლების სამსახურში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მემორანდუმი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტისა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებს ითვალისწინებს.
“კერძოდ, დეტალურად არეგულირებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ორ უწყებას შორის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა-მიწოდების პროცედურებს”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვარამაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ვლადიმერ გურგენიძემ.