გაგა ლომიძე: “ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის” მიერ განხორციელებული საბოლოო შედეგი დადებითი იქნება

ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი გაგა ლომიძე არასწორს უწოდებს იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც “მწერლის სახლი” უქმდება. მისი თქმით, “მწერლის სახლი” და “წიგნის ცენტრი” გაერთიანდნენ და მსხვილ ფონდად ჩამოყალიბდნენ.
​როგორც ლომიძემ განაცხადა, “ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის” მიერ განხორციელებული საბოლოო შედეგი დადებითი იქნება.
“გაუქმებას ვერ ვუწოდებდი ამას, არასწორია. გამსხვილება, გაერთიანება მოხდა “მწერლის სახლისა” და “წიგნის ცენტრის” ორგანიზაციების და შეიქმნა ახალი ორგანიზაცია – “ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი”, რომელიც სხვა ფუნქციასაც შეითავსებს. ეს იქნება მსხვილი ორგანიზაცია, ვიდრე ცალკე აღებული “მწერლის სახლი” ან “წიგნის ცენტრი” იყო. ვფიქრობ, უარყოფითად არ აისახება არაფერზე, ფაქტობრივად, არცერთ პროექტზე, რაც დაიგეგმება იგივე ადამიანები იმუშავებენ.
​ორგანიზაციის გამსხვილების შედეგად, მას სამეცნიერო პოპულარული მიმართულება დაემატა, რომლის საშუალებითაც უფრო მეტი საინფორმაციო ხასიათის პროდუქცია მივა უცხოურ გამომცემლობამდე თუ მკითხველამდე.
რაც შეეხება ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლობებს – მათაც მეტი შანსი მიეცემათ ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრებისა, რომელსაც აზიის ბაზარიც უნდა დაემატოს. რასაკვირველია, ახლა მეტი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ამ კონცეფციის შემქმნელებმა საჭიროდ მიიჩნიეს, რომ ამ ორი ორგანიზაციის ყველა აქტივობა უნდა თავმოყრილიყო, რაც ფონდს უფრო გააძლიერებს და გააფართოებს მის ფუნქციებს.
მიმაჩნია, რომ ფონდის მიერ განხორციელებული საბოლოო შედეგები მართლაც დადებითი იქნება”, – განაცხადა გაგა ლომიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები