ლევან ბრეგაძე: მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი გაუერთიანებიათ, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლევან ბრეგაძე კულტურის მიმართულების სსიპ-ების გამსხვილებას ეხმაურება, რის შედეგადაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი ახლადშექმნილ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდში გაერთიანდა.
„მწერალთა სახლს არც აუქმებენ და არც ყიდიან (?), როგორც ზოგიერთი ირწმუნება. მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი გაუერთიანებიათ, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ.
ამ გაერთიანების ხელმძღვანელად დაუნიშნავთ ქალბატონი ირმა რატიანი, რაც, ერთი მხრივ, ძალიან მეწყინა, ვინაიდან იგი ამის შედეგად ვეღარ გააგრძელებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, სადაც მეც ვმუშაობ და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის, ვისაც ლიტერატურული საქმიანობა უყვარს, უკეთეს დირექტორს ვერც ინატრებს.
მეორე მხრივ კი გამეხარდა ქალბატონი ირმას ჩართვა ამ ერთობ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ვინაიდან ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, შინაც და გარეთაც, ეს ძალიან კარგი იქნება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მის მჭიდრო კავშირებს უცხოელ კოლეგებთან.
ოღონდ იმასაც ამბობენ, რომ ცენტრის ხელმძღვანელი – დეა მეტრეველი და წიგნის სახლის დირექტორი – ნატა ლომოური, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, სისტემაში ვერანაირ პოზიციაზე გააგრძელებენ მუშაობასო, რაც უმართებულო მგონია: ორივე ამ წარმატებული ქალბატონის დიდი გამოცდილება ქართული ლიტერატურის პროპაგანდა-პოპულარიზაციის დარგში არა მარტო დასაფასებელია, არამედ გამოსაყენებელიც. ნუ ვიქნებით უმადურები! ჩვენი დროის ამ სამი შესანიშნავი ქალბატონის: ირმა რატიანის, დეა მეტრეველისა და ნატო ლომოურის ერთობლივი მოღვაწეობა ამ ურთულეს სფეროში საქმეს ძალიან წაადგება“, – აცხადებს ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები