საქართველოს კულტურის პალატასა და ჩინურ კომპანია DAFANG-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა ჩინურ კომპანია DAFANG-ის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. როგორც “კვირას” კულტურის პალატიდან აცნობეს, დოკუმენტი “აბრეშუმის გზის” ფარგლებში მონაწილე ქვეყნებისთვის საქართველოში საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ცენტრის მიზანი საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფინანსურ სფეროებში გაცვლითი პროგრამების განხორციელება იქნება.
“ეს პროექტი ჩინელ ახალგაზრდებს მისცეს საშუალებას, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობისა და შესწავლის შედეგად გაიღრმაონ საკუთარი ცოდნა. ხოლო ქართველ ახალგაზრდობას მიეცემა საშუალება, ჩინეთის კულტურისა და ეკონომიკის წამყვან დარგებს გაეცნოს, აიმაღლოს კვალიფიკაცია, რათა მომავალში ქართველი და ჩინელი ახალგაზრდები გახდნენ წარმატებულები თავიანთ ქვეყნებში”, – განაცხადა კულტურის პალატის პრეზიდენტმა.
დავით ოქიტაშვილის განმარტებით, მემორანდუმი ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ფორმდება, რაც იქნება შემდგომში მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი და ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს ქართველი და ჩინელი ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით.