ზღვის უბანში, ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქა) XI მიკრორაიონის პირველ კვარტალში, ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 5 500 კვ.მ ფართობზე დაიგო.
ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ტერიტორიაზე აქამდე ასფალტის საფარი არ დაგებულა, მთლიანად გრუნტიანი გზა იყო. კორპუსში 367 ოჯახი ცხოვრობს. ისინი უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სხვადასხვა პერიოდში შენობის შიგნითაც განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები და, ასევე, სამომავლოდ საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობასაც ვგეგმავთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
პროექტის ღირებულება 200 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.