„ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების დადებას პრობლემას შეუქმნის“

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის სახელმწიფო არხთან ინტერვიუში საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა. როგორც ღარიბაშილმა აღნიშნა, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ხელის შეშლის ნიშნებს ვერ ხედავს.
„როდესაც ჩვენი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება და პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. ჩვენი წინამორბედის, სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთთან იყო რადიკალური, რომელმაც არ გაამართლა. ჩვენ ვაჩვენეთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ვართ კონსტრუქციული, განვახორციელეთ მთელი რიგი სამუშაოები, რომ არ ყოფილიყო დაძაბულობა ჩვენ ქვეყნებს შორის.
რუსეთის ოფიციალური პოზიცია ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის საგარეო მინისტრმა გაახმაურა, მდგომარეობს შემდგომში: მათი მიზანი არ არის ჩაერიონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ პოლიტიკაში. ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს, რომლებიც ამ პროცესს, ასოცირების ხელშეკრულების დადებას შეუქმნის პრობლემას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის სახელმწიფო არხთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები