ECHO-ს ექსპერტების პირველადი შედეგები და რეკომენდაციები დარიალის სტიქიასთან დაკავშორებით
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მოწვეულმა ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) ექსპერტებმა მინისტრ ხათუნა გოგალაძეს დარიალის ხეობაში დევდორაკის ღვარცოფით გამოწვეულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შედეგები და რეკომენდაციები გააცნეს. უცხოელი სპეციალისტების ჯგუფი, ქართველ ექსპერტებთან ერთად, 25 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ყაზბეგში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და შეისწავლეს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები, ასევე სამომავლო რისკების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები შეიმუშავეს.
ევროკომისის ექსპერტთა განცხადებით, დევდორაკის ღვარცოფი ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია და მომხდარს ჰესის მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. მათი რეკომენდაციები გულისხმობს ხეობაში ადრეული შეტყობინების ავტომატური სისტემის დანერგვას, რომელიც, აღნიშნული შემთხვევებისგან როგორც მოსახლეობას, ასევე ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას დაიცავს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძის განმარტებით, ევროკომისიის ექსპერტების მიერ შემუშავებული პირველადი შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების დასკვნასთან თანხვედრაშია.
შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, USAID-ის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, საელჩოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.