“გაატარე ზაფხული საქართველოში” – სოციალური კამპანია ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად

Spend Your Summer in Georgia (“გაატარე შენი ზაფხული საქართველოში”) – ეს არის ჯგუფი „ფეისბუქში“, რომელიც ტურიზმის მხარდასაჭერად და საქართველოში ტურისტების მოსაზიდად შეიქმნა. სოციალური კამპანია რამდენიმე დღის წინ ხუთმა მეგობარმა დაიწყო.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა – მარიამ გუჯაბიძემ და ნინი ნოღაშვილმა კამპანიის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრეს. მათი თქმით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრემლის მიერ საქართველოში ფრენებსა და ტურისტებზე დაწესებული სანქციების შესახებ გახდა ცნობილი.
როგორც მარიამ გუჯაბიძემ განაცხადა, კამპანიის მიზანია, ტურისტებს მთელი მსოფლიოდან ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი დაანახონ. ჯგუფში, ამ დროისთვის, 176 ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული.
როგორც ნინი ნოღაშვილი და მარიამ გუჯაბიძე ამბობენ, კამპანიას უცხოელების მხრიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათი ნაწილი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ჰეშთეგით -#spendyoursummeringeorgia აქვეყნებს და წერს, რომ კიდევ ერთხელ ეწვევიან საქართველოს.
„ძალიან დიდი მხარდაჭერა და გამოხმაურებაა როგორც ქართველების, ისე – უცხოელი მეგობრების მხრიდან.
ეს კამპანია დაიწყო, დაახლოებით, 5 დღის წინ. მან საოცარი გამოხმაურება ჰპოვა ხალხში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. ამ კამპანიის იდეა, პირველ ყოვლისა, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალი წარმოჩინდეს. გვინდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხალხს დავანახოთ, რომ საქართველო ნამდვილად უსაფრთხო ადგილია. მეორე მიზანია, ტურისტებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია, რა უნდა გააკეთონ, სად წავიდნენ, როცა საქართველოში ჩამოვლენ. უცხოელები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. იქმნება ძალიან სასიამოვნო სურათი, თუ როგორ უყვართ საქართველო, როგორი გამოცდილება აქვთ საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით.
უცხოელი ტურისტები იწვევენ თავიანთ მეგობრებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. არის განცხადებები, რომ ისინი სხვა ქვეყნებში აპირებდნენ დასასვენებლად წასვლას, მაგრამ ამ კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ გაატარონ ზაფხული, მაქსიმალურად ისიამოვნონ საქართველოს ტურისტული პოტენციალით. ასეთი გამოხმაურებები არწმუნებს ბევრ სხვა ადამიანს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ ჩამოვიდნენ, შემოგვიერთდნენ და იყვნენ ჩვენ გვერდით. ძალიან ბევრი ქვეყნიდანაა გამოხმაურება -, დაწყებული არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, ანუ ისეთი სეგმენტიდან, საიდანც ჩვენც არ გვქონდა მოლოდინი, რომ კამპანიას გამოეხმაურებოდნენ.
მინდა, ყურადღება გავამახვილო ჩვენი მოქალაქეების რეაქციაზე, რომლებიც მზად არიან, სრულიად უსასყიდლოდ გაუწიონ გიდობა ტურისტებს – ეს არის ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, არის ბევრი ამაღელვებელი “პოსტი“, – განაცხადა მარიამ გუჯაბიძემ.
შეგახსენებთ, თავდაპირველად, რუსეთის ხელისუფლებამ ტურისტებს ურჩია, თავი შეეკავებინათ საქართველოში ვიზიტისგან, რადგან “დაცულები არ იქნებოდნენ”. მალევე, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები