შვეიცარიის პრეზიდენტი ეუთოს ფარგლებში პრევენციის სპეციალური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის
შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი ეუთო-ს ფარგლებში პრევენციის სპეციალური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რაც შეეხება ეუთოს, მინდა გითხრათ, რომ წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა შვეიცარია გახლავთ და ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი თქვენთან მიმართებაში არის ის, რომ დაგეხმაროთ ორ ძირითად საკითხში – პრობლემურ რეგიონებში იყოს უფრო სტაბილური სიტუაცია და მოსახლეობას გავიწიოთ ჰუმანიტარული დახმარება. რაც შეეხება არსებულ ვარიანტებს, შეიქმნება მობილური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდება ვენაში. ამის პარალელურად ხელი უნდა შევუწყოთ და გავაგრძელოთ ჟენევის ფორმატში არსებული მოლაპარაკებები. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, რომ “გაიხსნას” გალის რეგიონი. გარდა ამისა, ჩვენ, შვეიცარიაში დიდ ყურადღებას ვანიჭებთ გადაადგილების თავისუფლების პრინციპებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ ხელი შევუწყოთ ამ კუთხით კონკრეტულ ქმედებებს. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია კონფლიქტის პრევენციის ინსტრუმენტების შემუშავება – შეიქმნას პრევენციის სპეციალური ცენტრი ეუთოს ფარგლებში. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ პროექტები ადამიანური განზომილების თვალსაზრისით. ასევე შემუშავებულ უნდა იქნას სპეციალური მონიტორინგის ჯგუფები”, – განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.