ნათია თურნავა: მივყვებით ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს და აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზოგადად, საქართველო წარმოვაჩინოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ბევრი გაგებით უნიკალური, ტურისტულად საინტერესო ცენტრი. ეს იზიდავს, რასაკვირველია, როგორც ევროპელ ტურისტს, ასევე, აზიიდან მომავალ ტურისტს,  ტრადიციული ბაზრებიდან მომავალ ტურისტს, მათ შორის – რუს ტურისტებსაც”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე  მთავრობა, მათ შორის – ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ქართული ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით.
ნათია თურნავას თქმით, აქცენტი არის ევროპაზე, მაგრამ ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებაც არის მათი პრიორიტეტი.
„რამდენიმე დღეა, ძალიან ინტენსიური შეხვედრები მაქვს ტურისტულ ინდუსტრიასთან – მცირე სასტუმროებთან, საოჯახო სასტუმროებთან, ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემის წინაშე დადგა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, ეს უნდა ვაღიაროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ბიზნესის მოთხოვნებს და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტიც საქართველოს ბაზარზე, რადგან საქართველოში ჩამოდის 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტი, არცერთ ქვეყანას არ აქვს დომინირებული როლი, რუსეთს უჭირავს საკმაოდ მაღალი წილი – ეს არის ჩვენი ტურისტული ბაზრის 25%”. იმედი გვაქვს, შევარბილებთ ტურისტულ ბიზნესზე არსებული რეალობიდან გამომდინარე ნეგატიურ გავლენებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები