ნათია თურნავა: გვერდში დავუდგებით ბიზნესს, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისით გამოწვეული პოტენციური ნეგატიური შედეგი

0

„ტურიზმის ინდუსტრიის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ბაზრებთან ერთად, ასევე, შევეცადოთ, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე, რაც ბუნებრივია“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომლის ერთ-ერთ ძირითად თემას ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოთი გამოწვეული შესაძლო ზიანის შემცირება წარმოადგენდა.
„დღევანდელი შეხვედრის ამოცანა იყო, შევხვედროდით ტურისტულ ბიზნესს და უშუალოდ მათთვის მოგვესმინა. დღეს 30-მდე ტუროპერატორსა და სასტუმროს წარმომადგენელს შეხვდით, რათა მოგვესმინა მათგან, უშუალოდ რა გამოწვევის წინაშე დადგნენ. მოვისმინეთ ციფრები, რაც ბიზნესმა გააჟღერა, რომ ეს რეალური გამოწვევაა, რადგან წლის ბოლომდე მოლოდინი იყო, რომ, დაახლოებით, 1 მლნ რუსი ტურისტი ჩამოვიდოდა და ეს, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის შემოსავალი იქნებოდა ამ სექტორისთვის. რასაკვირველია, გვესმის ბიზნესის წუხილი. ჩვენ მზად ვართ და ეს აღვუთქვით ბიზნესს, რომ გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისით გამოწვეული პოტენციური ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვადასხვა გეგმაზე. მათ შორის ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ბაზრებთან და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად, ასევე, შევეცადოთ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ, რომ ჩვენი ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი; საქართველო არ ირჩევს ტურისტს, თვითონ ტურისტები ირჩევენ საქართველოს. საკმაოდ დივერსიფიციებული ბაზარია და არცერთი მიმართულებაა დომინანტი, თუმცა, ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს ჩვენს ბაზარზე 25%-ს. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. რასაკვირველია, აქედან გამომდინარეობს ბიზნესის წუხილი და თხოვნაც, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ,  არც ეს სეგმენტი არ დავკარგოთ, რადგან ეს მათთვის საკმაოდ მიმზიდველი და მომგებიანია; ჩვენ ვუსმენთ ბიზნესს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სხვა გეგმებთან ერთად ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, თუ როგორ დავეხმაროთ“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი