სპეცრაზმელს, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

0

რუსთაველზე აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ გუშინ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ სამართალდამცველებს შორის არის სპეცრაზმელი ზაზა ფანცქალაშვილი, რომელიც 20 ივნისის ღამის დარბევის კადრებში, ოპერატორს უმიზნებდა, თუმცა მისმა კოლეგამ გაზის იარაღი გააწევინა.
ფანცქალაშვილის მეზობლების თქმით, მომხდარის შემდეგ სამართალდამცველი აღარ გამოჩენილა და მეორე დღეა სახლში არ იმყოფებიან სპეცრაზმელის ოჯახის წევრებიც. ფანცქალაშვილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ის თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდანაა, თუმცა მის სახელზე თბილისში ირიცხება ბინა, რომელიც სამსახურიდან გამომდინარე სახელმწიფომ გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დააკონკრეტეს, არის თუ არა გათავისუფლებულ პირებს შორის ზაზა ფანცქალაშვილი, თუმცა არც დანარჩენი გათავისუფლებული სამართალდამცველების შესახებ აჟღერებენ პირად ინფორმაციას. უწყება განმარტებას არც იმაზე აკეთებს, ვის მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამათლელბრივი დანაშაულის ნიშნები.
20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სპეცრაზმელი ცრემლსადენი გაზის იარაღით, რომელიც ოპერატორს უმიზნებს.
“რუსთავი 2”-ის ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში აშკარად ჩანდა სპეცრაზმელის სახე, რადგან მას ნიღაბი არ ეკეთა. კადრებში სპეცრაზმელი სიცილით უმიზნებს იარაღს ოპერატორს და მას შემდეგ, რაც გვერდით მდგომი სამართალდამცველი იარაღს გააწევინებს, ჰაერში ისვრის.
კადრებში ასახულია ზაზა ფანცქალაშვილი, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელია და სამართალდამცავ უწყებაში, დაახლოებით, 2004 წლიდან მუშაობს. ზაზა ფანცქველაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა და მხარში დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი