სუბარი: რაც მინისტრი ვარ, ყველა დირექტორის დანიშვნას პროტესტი და შიმშილობა მოჰყვა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი მე-7 დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. სოზარ სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის ხელშეშლის ფაქტი დადასტურდა და ადამიანი, რომელმაც ეს გააკეთა, დირექტორის მოადგილე იყო. მინისტრის თქმით, აღნიშნული პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გოგი გახარიას დანიშვნასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობა დატოვა, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებდა, თუმცა მან აღარ ისურვა, რომ თავმჯდომარის მოვალეობა შეესრულებინა, აქედან გამომდინარე, გოგი გახარია თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში, ციხის ყველა დირექტორის დანიშვნას და მოხსნას პროტესტი, შიმშილობა და თვითდაზიანებები მოჰყვა.
“სიმართლე გითხრათ, წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც მინისტრი ვარ, არ დამინიშნავს არც ერთი დირექტორი, რომლის დანიშვნას არ მოჰყოლოდა პროტესტი, შიმშილობა და თვითდაზიანებები და შემდეგ იგივე ადამიანის მოხსნას არ მოჰყოლოდა იგივე შედეგი. ამიტომაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას ვერიდებით”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.