მაია ცქიტიშვილი: ჩვენ ვხსნით შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ თავისი წარმომადგენელი იპოვოს პარლამენტში

0

„ჩვენ ვხსნით შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ თავისი წარმომადგენელი იპოვოს პარლამენტში“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მმართველი პარტიის ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.
„ნულოვანი ბარიერით პროპორციულ მოდელზე გადასვლა არის შემდგომი ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისკენ. ამ პროცესის დაჩქარება გამოიწვია საზოგადოების სურვილმა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კარს ვაღებთ ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ. იმედი გვაქვს, რომ ნულოვანი ბარიერი ქაოსს კი არ გამოიწვევს, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ყველა იმ მოქალაქისთვის, ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც აქვს ფასეულობები და ინტერესი წარადგინოს კონკრეტული ხედვები პარლამენტში“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, პროპორციული სისტემა ხელს შეუწყობს პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობას პარლამენტში.
„ეს არის შესაძლებლობა იმ ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომელთა ენერგია და მუხტი დავინახეთ ბოლო დღეებში. მივესალმებით, რომ ახალგაზრდობამ თავისი სიტყვა თქვას და მათი ხმაც გვესმოდეს პარლამენტში უფრო აქტიურად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხსნით შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ თავისი წარმომადგენელი იპოვოს პარლამენტში, რათა უკეთ აისახოს საქართველოს მოსახლეობის განწყობები, სურვილები და პრეფერენციები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი