არჩილ კაიკაციშვილი: ცვლილებები აჩქარებს პოლიტიკურ ლუსტრაციას და ხალხის სამსჯავროზე ადგენს თითოეული პარტიისა და პოლიტიკოსის ნდობას

“საქართველო სწორად პასუხობს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნის საზოგადოებრივ დაკვეთას და ქვეყანის დემოკრატია ამ გზაზე კვლავ რჩება სამაგალითო. ხელისუფლების გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, არის ქვეყანაში სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და შესაძლებლობებზე დაფუძნებული სისტემის შექმნის მცდელობა, რაც პასუხს სცემს ყველა თაობის საქართველოს მოქალაქის კითხვას: როგორი ქვეყანა გვსურს”, – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცახდებაშია ნათქვამი.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო სწორი რეაგირება მოეხდინა საზოგადოებრივი განწყობების მიმართ, რაც აჩენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას – ქვეყანაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური კლასი, პოლიტიკაში გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ამაღლდეს პარტიების ნდობა და რეიტინგი მათი იდეოლოგიების, საქმიანობისა და პოზიციების მიხედვით, ხალხი დაბრუნდეს პოლიტიკაში, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პროცესში და წარმომადგენლობითი ორგანო – პარლამენტი სრულად პასუხობდეს საზოგადოების განწყობებს.
„წარმოდგენილი ცვლილებები ქვეყანაში აჩქარებს პოლიტიკურ ლუსტრაციას და ხალხის სამსჯავროზე ადგენს თითოეული მოქმედი პარტიისა და მოქმედი პოლიტიკოსის ნდობას. ქართული პოლიტიკა ხდება კონკურენტუნარიანი, ყველა პარტიის წინაშე ჩნდება ახალი თაობის პოლიტიკოსების გარდაუვალი აუცილებლობა, დაკმაყოფილებულია საზოგადოების ყველა ფენის და ჯგუფის ინტერესებიც – პოლიტიკა იქმნებოდეს ძალთა ბალანსის საფუძველზე, რაც დასავლური დემოკრატიების მთავარი ნიშანია“,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
მისივე შეფასებით, საზოგადოებას მართებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სწორედ თითოეული ამომრჩევლის პასუხისმგებლობაზეა ქვეყანაში სტაბილურობაც, განვითარებაც და საერთაშორისო ურთიერთობებიც.
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჩნდეს ისეთი პერსონების მოთხოვნის აუცილებლობა, რომელთა გამოცდილებაც, კომპეტენტურობაც და შესაძლებლობებიც შექმნის საკანონმდებლო ცხოვრებაში არჩევის საჭიროებას. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებში ახალი სახეების მნიშვნელოვანი კრიზისია, მმართველი პოლიტიკური პარტია კი გადახალისებას მოითხოვს. საზოგადოებაში უნდა დაიძლიოს ანტიპარტიული განწყობები, ვინაიდან დემოკრატია წარმოუდგენელია პარტიების გარეშე. „ეს გადაწყვეტილება მომავლის გადაწყვეტილებაა, რომელიც ზოგიერთ პარტიას და პოლიტიკოსს დღესვე ტოვებს პარლამენტს მიღმა, ზოგიერთისთვის – ტესტია, ხალხისთვის კი მონაპოვარი – ირჩევდეს და პასუხსს სთხოვდეს არჩეულ ხელისუფლებას“, – ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები