აკაკი ასათიანი: საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება პროგრესული და მისასალმებელია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი, აკაკი ასათიანი პროგრესულს უწოდებს.
როგორც ასათიანმა “კვირას” განუცხადა, აღნიშნული ნაბიჯით ქვეყანაში უფრო სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს მივიღებთ.
“მივიჩნევ, რომ ძალიან პროგრესული გადაწყვეტილებაა. მართალია, ვფიქრობდი, რომ მაჟორიტარების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო და ორპალატიან პარლამენტთან უნდა მივიდეთ, მაგრამ ეს, ალბათ, მერე მოხდება; ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს ხსნის კრიზისს და იძლევა საშუალებას, რომ ყველა პარტია, რომელიც მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში, იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღარ იყოს დადარაჯებული ხელისუფლების ყოველ წაბორძიკებაზე. წაბორძიკების გარეშე ხელისუფლება არ არსებობს, შეერთებული შტატები და ევროპა ჩამოყალიბებული, დიდი ხნის დემოკრატიები არიან და მათაც აქვთ პრობლემები. ახლა რომ ადარებენ 1992 წლის, როგორც ამას უწოდებენ, შევარდნაძის პარლამენტს (ეს არ იყო შევარდნაძის პარლამენტი, ეს იყო ჩვენი პარლამენტი) და ამბობენ, რომ ჩვენ მივიღებთ 1992 წლის მსგავს პარლამენტს – ეს არასწორია. იმ პარლამენტმა სამოქალაქო ომი გადაატარა ქვეყანას, მადლობა ღმერთს, ახლა ეს მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ ბევრი დაძაბულობაა ირგვლივ, შიგნითაც პრობლემებია. მივიჩნევ, რომ “ქართული ოცნება” ისევ დაუბრუნდა ადეკვატურობას და მოხარული ვარ”, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.
ასათიანი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებში მისი პოლიტიკური მოძრაობაც მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები