გრიგოლ ვაშაძე: ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი

“ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი”, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიციის უპირველესი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.
„რაც დღეს მოხდა, ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქის, პატრიოტი, თავისუფლებისმოყვარული ახალგაზრდობისა და კონსოლიდირებული ოპოზიციის ბრძოლის შედეგი. მაგრამ საქართველო   სრულფასოვან, დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად  რომ გადაიქცეს, ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შს მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე. რომელმაც თავისივე პრემიერმინისტრის განკარგულება დაარღვია და გაფრთხილების გარეშე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, გამოიყენა სპეცსაშუალებები. თან ისე, რომ ამან საფრთხე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს. არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ეს არის საზოგადოების მოთხოვა და ამის დასტურია ავტომანქანების კოლონა, რომელიც ახლა შსს-სთან იმყოფება“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც ბრიფინგზე ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოთხოვნაა, აუცილებლად, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები