“მივესალმებით ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას”

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა, მათ შორის მცირე ჯგუფის ინტერესების ასახვას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში”, – ასე გამოეხმაურა “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის “(CDD) წარმომადგენელი საარჩევნო საკითხებში, მარი ბენდელიანი „ქართული ოცნების“ ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.
მისი შეფასებით, გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ყველა, მათ შორის მცირე ჯგუფის ინტერესების ასახვას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
“მივესალმებით, ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, ნაცვლად ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული 2024 წლისა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა, მათ შორის მცირე ჯგუფის ინტერესების ასახვას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებაში არსებულ სამართლიან მოთხოვნებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით 2020 წლისთვის მივიღებთ უფრო სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ზღურბლი გაუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებზე ბევრ, თუნდაც მცირე რეიტინგის მქონე პარტიას მიეცემა საშუალება, მოიპოვოს მანდატები პარლამენტში. აღნიშნულის შედეგად, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკანონმდებლო ორგანო შეძლებს, უფრო რეალისტურად ასახოს ამომრჩევლების არჩევანი და ინტერესები.
ასევე, აღსანიშნავია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში გადაწყვეტილებები მიიღება არა ერთი პარტიული ინტერესის გათვალისწინებით, არამედ – საზოგადოების ფართო სპექტრის ინტერესების შესაბამისად, რაც ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყოს აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკურად გამართვა და რეფორმასთან დაკავშირებით მომუშავე სამუშაო ჯგუფის გააქტიურება, რათა საზოგადოება მომზადებული შეხვდეს ახალ საარჩევნო გარემოს.
გამოვთქვამთ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში, რისთვისაც გვაქვს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები”, – განაცხადა მარი ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები