„იმის თქმა, რომ რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შეწყვეტის გამო ჩვენი ეკონომიკა რაღაც კატასტროფის წინაშე დადგება, სწორი არაა”

რუსეთის პრეზიდენტმა სულ რომ გადაკეტოს საქართველოსთვის რუსული ბაზარი, ზარალი იმაზე მეტი ვერ იქნება, ვიდრე 90-იან წლებში ქართველმა ხალხმა განიცადა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლებამ ტურისტებს ურჩია, თავი შეეკავებინათ საქართველოში ვიზიტისგან, რადგან “დაცულები არ იქნებოდნენ”. მალევე, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.
„საქართველო-რუსეთის ურთიერთობა არ არის ეკონომიკურ პრობლემებზე დაფუძნებული, ეს პოლიტიკური პრობლემაა. თქვენს კითხვაზე, შემიძლია გითხრათ, რომ სანქციები, რა თქმა უნდა, ქართულ, წვრილ ბიზნესზე, რომელიც სასტუმრო ბიზნესს ეხება, იმოქმედებს. თქმა იმისა, სულ რომ შეწყდეს ტურისტული ნაკადი, ამით საქართველოს ეკონომიკა რაღაც კატასტროფის წინაშე დადგება,სწორი არ იქნება.
უფრო სხვა რამ არის მოსალოდნელი – თუ დაძაბულობის ესკალაცია მოხდება, შეიძლება საქართველოდან რუსეთში საქნლის შეტანაზე ისევ დაწესდეს ემბარგო. ამან, შესაძლოა, უფრო სერიოზული გავლენა იქონიოს ეკონომიკაზე, იმიტომ, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთი ერთერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია ქვეყანაში როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. ეს იმოქმედებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას და ქართველ ხალხს განცდილი აქვს ყველაფერი, რისი განცდაც უბედურების თვალსაზრისით შეიძლებოდა, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტმა სულ რომ გადაკეტოს საქართველოსთვის რუსული ბაზარი , ზარალი იმაზე მეტი ვერ იქნება, ვიდრე 90-იან წლებში ქართველმა ხალხმა განიცადა“, – განაცხადა გიორხელიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები