ელენე ხოშტარია: თავისუფალმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ღირსების შელახვა არც ერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში აღარ გაუვა

0

ბრძოლა გრძელდება, რადგან ჩვენ ვიცით, “ოცნებას” როგორ შეუძლია პირობების გატეხვა, მაგრამ დღეს თავისუფალმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ღირსების შელახვა არც ერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში აღარ გაუვა – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, აქციის მონაწილეების გამძლეობით სავსე და პრინციპულმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო​.
“მინდა, მივულოცო ჩვენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი, მშვიდობიანი პროტესტით დღეს პირველ გამარჯვებას მიაღწიეს.თქვენ მოახერხეთ, უკან დაახევინოთ ​„ქართულ ოცნებას“ და მიაღწიეთ სამართლიან პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოსს და მომავალ მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის უკვალოდ ვერ გაივლის და ყველა მომდევნო ხელისუფლება პასუხისმგებელი იქნება ​მსგავს უღირს და უკანონო საქციელზე. გულწრფელად ვულოცავ აქციის ორგანიზატორებს, ყველა აქტიურ ადამიანს, დაშავებულ და დაპატიმრებულ ადამიანებს, თქვენმა მშვიდობიანმა, გამძლეობით სავსე, პრინციპულმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო”, -განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე.
“ამასთანავე, აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე, ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ვაჭრობდნენ ერთი დღით კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. გახარია არის მინისტრი, რომელმაც პირდაპირ გასცა ბრძანება, დამიზნებით ესროლათ და ​დაესახიჩრებინათ ადამიანები. დღემდე სამი ადამიანი ებრძვის სიკვდილს, ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ეს ვერ შერჩება შინაგან საქმეთა მინისტრს. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი და პასუხისმგებელი, ამიტომ მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი