ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს, ტატიანა მოსკალოვკას პასუხობს

“ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა, მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით. საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ მოცემულობას ცვლის“, -ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს, ტატიანა მოსკალკოვას სოციალურ ქსელში.
“უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს რუსეთის ფედერაციის არც ერთ მოქალაქეს, უფლებრივი დარღვევის შემთხვევების გამო. ერთადერთი ინდივიდუალური შემთხვევა, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, ეხება სავარაუდოდ, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტს რუსული მედიასაშუალების რესპონდენტის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. მე პირადად ვესაუბრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და აქტიურად ვაკვირდებით გამოძიების პროცესს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და იკითხება ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.
მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა, მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით. საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ მოცემულობას ცვლის. აქტიური ანტისაოკუპაციო პროტესტის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები მშვიდობიანად გადაადგილდებიან და თანაბრად სარგებლობენ ყველა სერვისით საქართველოს ტერიტორიაზე და არ ექმნებათ დაბრკოლება.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა და მოახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე.
აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შორის არსებობს თანამშრომლობა და კომუნიკაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გარშემო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატური ურთიერთობის არარსებობის პირობებში. ჩვენი მიზანია, რომ განვითარებული მოვლენები არ აისახოს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ტატიანა მოსკალკოვა ასევე დაიცავს საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს რუსეთის ტერიტორიაზე და არ დაუშვებს მათ დისკრიმინაციას, ეთნიკური თუ მოქალაქეობრივი ნიშნით”, – წერს ლომჯარია.
რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სთხოვა, დახმარებოდა საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები