გიორგი ცუცქირიძე: წმინდა ექსპორტის ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება

“ექსპორტის ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება”, – ამის შესახებ ექპერტმა ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძემ საქსტატის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა.
„ბოლო წლებში, საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდებოდა უარყოფითი სავაჭრო სალდო. ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 466.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი – 3 492.8 მლნ. აშშ დოლარს, რაც 3.6 პროცენტით ნაკლებია. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა  სწორედ მაღალი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაა, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და სავალუტო კურსზე, ზოგადად“, – განაცხადა ექსპერტმა საბანკო და საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების კომენტირებისას.

ექსპერტის განცხადებით, თუ 2016 წელს ანალოგიურ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი 54.6 % იყო, შემდეგ წლებში კლება იწყო და შარშან 47.7%-მდე შემცირდა, ხოლო წელს, პირველი ხუთი თვის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზე 40.9 %-მდეა შემცირებული.
გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია როგორც დსთ-ის, ასევე – ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. 2019 წლის იანვარ-მაისში  წმინდა ექსპორტი გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე – დსთ-ის ქვეყნებში. თუ 2015 წელს იმპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 76.8 %-იყო, მიმდინარე წელს მისი მაჩვენებელი 70.4 %-მდეა შემცირებული, სამაგიეროდ ექსპორტის წილი გაზრდილია 23.2 %-დან, 29.6 %-მდე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება უკვე დადებითად აისახა სავაჭრო ბრუნვაზე, რასაც, თუ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარს გავითვალისწინებთ, აქვს ძალზე მზარდი პერსპექტივა ისევე, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის და უკვე ნომერ პირველ მეგა ეკონომიკასთან აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლის პერსპექტივას, რაც აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვას, და საექსპორტო საქონლის დივერსიფიცირებით, წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკას შეუწყობს ხელს აქ წარმოებული პროდუქციის გატანით საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები