ნათია თურნავა: პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის სარგებლის თითოეულ ოჯახამდე მიტანა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
მინისტრმა ყურადღება რამდენიმე ფართომასშტაბიან პროექტზე გაამახვილა, რომელთა დასრულებაც უახლოესი 3 წლის განმავლობაშია დაგეგმილი, მათ შორისაა  გაზიფიცირების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს მოსახლეობის 85% ბუნებრივი აირის მომხმარებელი იქნება და ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე იქნება ევროპაში.
რაც შეეხება სხვა პროექტებს – ნათია თურნავამ ისაუბრა „უშუქო სოფლების” ელექტრიფიკაციისა და მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროექტებზე. მინისტრის თქმით, ყველა ამ პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი სიღარიბის დაძლევაა, რომელიც განსაკუთრებით ცხადად რეგიონებში იგრძნობა.
„მე ხშირად დავდივარ სხვადასხვა რეგიონში, ვხვდები მოსახლეობას. ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის შექმნის ახალ შესაძლებლობებს განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები