გიგი უგულავა: დავით სერგეენკო, სხვა მინისტრებთან შედარებით, საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი და დამამცირებელი არ იყო

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, სხვა მინისტრებთან შედარებით, გამაღიზიანებელი არ იყო. მისივე თქმით, ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც მინისტრებად კონკრეტული ადამიანის პირადი ექიმები ინიშნებიან.
„სხვა მინისტრებთან შედარებით, დავით სერგეენკო უკეთესი იყო, საზოგადოებისთვის ისეთი გამაღიზიანებელი და დამამცირებელი არ იყო, როგორც, მაგალითად, ღარიბაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი მთავრობა გვყავს. სწორედ ამიტომ, სერგეენკო იძულებული გახდა, საყოველთაო ჯანდაცვა საყოველთაო აღარ ყოფილიყო. როცა „ქართული ოცნება“ გამოდის და საყოველთაო ჯანდაცვაზე ღაღადებს, ეს ჯანდაცვა აღარ არის საყოველთაო. ხალხს ატყუებენ. რაც შეეხება მოტივაციებს – ყველაფერზე შეიძლება, ადამიანმა იმარჩიელოს, გარდა იმისა, თავში რა უდევს ბიძინა ივანიშვილს, რა მომენტში არ მოეწონა მართლაც თევზივით პატიოსანი კაცი.
უფრო ღრმა კრიზისში შევდივართ, რადგან ივანიშვილი იმ წრეს სულ უფრო ავიწროებს, საიდანაც მინისტრები გამოჰყავს. ეს წრე არის პირადი ექიმები. ახლა ახალ მინისტრად კვლავ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ინიშნება, პროფესიით სტომატოლოგი. სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო, მისი პირადი ექიმი იყო. როგორც ჩანს, ახლა პირად სტომატოლოგს დაგვინიშნავს. ისე გამჭვირვალე შპს-დ გადავიქეცით, სადაც ივანიშვილი თავის პირად მომსახურე პერსონალს გვინიშნავს და ამით საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მინისტრის თანამდებობას ტოვებს, მის შემცვლელად კი ეკატერინე ტიკარაძე სახელდება, რომელიც საჩხერის რაიონული საავადმყოფოს დირექტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები