ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

0

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ამ დროისთვის, ტოპოგეოდეზიური სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე ერთდროულად 4 საპროექტო ჯგუფი მუშაობს. პროექტირების ფარგლებში, ასევე მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ანაკლიაში, საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილზე გაეცნენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს. „სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის დაწყება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი