„თიბილოვის სტატუსი და ამ სტატუსის ქვეშ გაკეთებული ყველა განცხადება არალეგიტიმურია“

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა, რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.
როგორც ციხელაშვილმა “კვირასთან “ საუბრისას განაცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი დიდი ხანია მსგავსი თემებით სპეკულირებს და ცალსახაა, რომ მისი სურვილები სისრულეში ვერ მოვა. ამასთან, ციხელაშვილის თქმით, ნებისმიერ სახის სპეკულირების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური რეაგირება მოჰყვება და გამოყენებული ყველა მექანიზმი, რათა ამის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
“თიბილოვის სტატუსი და, შესაბამისად, ამ სტატუსის ქვეშ გაკეთებული ყველა განცხადება არალეგიტიმურია. ეს რეგიონი დაცლილია ქართველებისგან. ისინი იძულებით ემიგრაციაში არიან. რაც არ უნდა ამტკიცონ, ეს არის საქართველოს ტერიტორია და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. თიბილოვის მიერ მსგავსი განცხადებებით სპეკულირება სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა მანიპულირების ნებისმიერი გამოვლინებას შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ადეკვატური რეაგირება ექნება, ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ ქვეყნებს ეცნობება. თიბილოვის განცხადებები არალეგიტიმურია და ამ განცხადებებში გაჟღერებულ სურვილებს არანაირი ლეგიტიმური გაგრძელება ვერ ექნება“,- განუცხადა “კვირას“ ციხელაშვილმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს. ამის შესახებ განცხადება დღეს რუსულ გამოცემა “ლენტა.რუ”-სთან საუბრისას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები