ეკატერინე მიქაბაძე: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არადისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე, რომელსაც თავად ეს საზოგადოება ქმნის, არის ერთადერთი გზა, რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა – სიღარიბე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს.
რიგით მეორე რეგიონალური ფორუმის ორგანიზატორია ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის”, აშშ – ის საელჩო საქართველოში დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ა. რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
პირველი რეგიონალური ფორუმი ქუთაისში გაიმართა. ​ფორუმი ბიზნესლიდერთა ფედერაციის – „ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში – ერიკა კვაპილოვამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, თამაზ შავაძემ გახსნეს.
თავის გამოსვლაში, ეკატერინე მიქაბაძემ აქცენტი გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ბევრი რამე გაკეთდა გენდერული თანასწორობის მიმართულებით, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება.
„დღეს, 15-დან 64 წლამდე ქალების მხოლოდ 56 პროცენტია ჩართული ეკონომიკურ აქტივობაში, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი კაცებისათვის დაახლოებით 80 პროცენტია. ეს მიუთითებს ადამიანური კაპიტალის არასათანადოდ გამოყენებაზე. ქალების სრულფასოვანი ჩართვა სამეწარმეო საქმიანობაში საშულებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი გამოშვება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქალების იმავე დონით ჩართვა აქტივობაში, როგორ კაცების, ჩვენი ქვეყნის გამოშვებას 11 პროცენტით გაზრდის”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არაერთი ღონისძიება ტარდება, სადაც ქალების კონკურენტუნარიანობა იზრდება, სამეწარმეო უნარების და ფინანსური განათლების გაუმჯობესების გზით. მისი თქმით, „ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით, საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ერთად, ეხმარება ქალებს, უფრო მეტად ჩაერთონ ბიზნესში და გაძლიერდნენ, რაც საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება.​
ფორუმის ფარგლებში, ფუნქციონირებს საინფორმაციო პავილიონები, სადაც ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროგრამებს და მიიღონ მათი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათ შორის, ფუნქციონირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები