„საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
18 ივნისს, 11:00 საათზე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II გახსნის ღონისძიებათა ციკლს, რომელიც ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კვირეული რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებას მოიცავს და მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია თანამედროვე ევროპულ სამყაროში საქართველოს კულტურული და ისტორიული გამოცდილების სწორად წარმოჩენა.
საქართველომ შუა საუკუნეებში დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანული ლიტერატურის, ფილოსოფიის და ხელოვნების განვითარებაში. ამდენად, მისი ურთიერთობა ბიზანტიასა და აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსთან უაღრესად აქტუალური თემაა.
კონფერენციის ფარგლებში გაიხსნება ძველი ქართული ხელნაწერების გამოფენა.
მხოლოდ ერთი დღით, საცავს რამდენიმე საათით დატოვებს მეცხრე საუკუნის უნიკალური ბერძნული ხელნაწერი, კორიდეთის სახარება, რომელიც კარგად წარმოაჩენს ქართული და ბიზანტიური კულტურის მჭიდრო კავშირს.
ღონისძიების მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში.