გოჩა ლორთქიფანიძე: საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. 2018 წელს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი იყო 99 საჩივარი“ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
გოჩა ლორთქიფანიძე კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე ანგარიშს წარუდგენს.
„სტატისტიკა რასაც აჩვენებს, არის საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია. 2011 წელს წარდგენილი იყო 395 საჩივარი. 2012-ში – 367, 2018 წელს ჩვენ გვაქვს მხოლოდ 99 საჩივარი. ეს სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ უმჯობესდება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა საქართველოში და ადასტურებს ასევე იმასაც, რომ უფრო გაიზარდა ადამიანების ნდობა ადგილობრივ ინსტიტუტებში, რადგან მათ ნაკლებად უწევთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების წარდგენა.
რაც შეეხება მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს, იმ საქმეებში, სადაც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ხელახალი გამოძიება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინების საფუძველზე, 2017-2018 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე და 12 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ეროვნული სასამართლოების მიერ. მიმდინარეა საქმეები 3 პირის მიმართ. წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები დღეს აღარ არის სისტემური პრობლემა, სისტემისთვის დამახასიათებელი. აღნიშნული მკაფიოდ დადასტურდა გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ხუან მენდესის ანგარიშში. ასევე ხაზგასასმელია, რომ სახალხო დამცველის 2018 წლის ივნისში გაკეთებული განცხადების თანახმად, პენიტენციურ სისტემაში ვითარება ნამდვილად გაუმჯობესებულია“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები