ერისთავების სასახლისა და ერკეთის დედათა მონასტრის რესტავრაციის პროცესი დაიწყო

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორა-ბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, სრულად აღდგება XIX საუკუნის არქიტექტურული ნაგებობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი. ავთენტური ფორმით რესტავრირდება სასახლის იატაკი და ამორტიზებული სართულშუა გადახურვა. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნაგებობის უნიკალური ხის აივანი მისი მოაჯირებით, ორნამენტული დეტალებითა და XIX საუკუნის ტიპური დიზაინის შუშაბანდით. სრულად რეაბილიტირდება შენობის სახურავი და ჭერის კონსტრუქციული წყობები.
სასახლის ოთახებში გვიანდელი შპალერის ფენის მოხსნის შემდეგ ინტერიერის ფასადები ახლად გამოვლენილი ღირებული მხატვრული ფრაგმენტების მიხედვით რესტავრირდება. ინტერიერის კიბე კი კონსრუქციულად გამაგრდება და ქვის ფილებით მოპირკეთდება. ავთენტური ფორმით განახლდება და ნაწილობრივ რესტავრირდება სასახლის კარ-ფანჯრები, რომლებიც სტრუქტურული მდგრადობის მიზნით, შენობის ყველა ხის კონსტრუქციული ელემენტის მგავსად ცვილის ლაქით დაიფარება. სრულად აღდგება ერისთავების სასახლის მარანი და ყველა სამეურნეო დანიშნულების სივრცე. არსებული წყობით რეაბილიტირდება და კონსერვირდება სასახლის გალავანი მისი გარსშემოსავლელებითა და სათოფურებით. სასახლის ეზოში მოეწყობა ქვაფენილები, გაიწმინდება არსებული ქვევრები და მწვანე საფარით კეთილმოეწყობა ტერიტორია.
ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საპროექტო უზრუნველყოფის საფუძველზე, წარიმართება სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
დარბაზული ტიპის ეკლესიაზე, რომელსაც მრავალჯერადი გადაკეთების აშკარა ნიშნები აქვს, სრულად მოიხსნება თუნუქის უხარისხო სახურავი და მისი ხის კონსტრუქცია, რომელიც კრამიტით ჩანაცვლება. ნაგებობის ინტერიერის ქვის კვადრების იატაკი, რომლის ზედაპირი მკვეთრად დეფორმირებულია, ახლიდან გადაეწყობა და დაზიანებულ სეგმენტებზე ავთენტური ფორმის თლილი ქვებით განახლდება. ეკლესიის მთელ პერიმეტრზე მოიხსნება გასული საუკუნის დროს უხარისხოდ ნაშენი ქვის კარნიზი და მასზე დაშენებული კედლები, რომელიც ეკლესიაში წყლის ჩადინებისა და კედლის მხატვრობის დაზიანების მიზეზს წარმოადგენდა. ძველის ნაცვლად ტაძარზე არსებული ფორმის პროფილირებული კარნიზი სარესტავრაციო მეთოდოლოგიის სრული დაცვით მოეწყობა. ეკლესიის გარე ფასადებზე ეროზიით გამოწვეული ნაპრალები და გამორეცხილი ჭრილები კირხსნარით ამოივსება და კონსერვირდება. დაზიანებული უბნები ისექტირების მეთოდით გამაგრდება. მონასტრის ტერიტორიაზე სრულად აღდგება ქვის გალავანი, რომლის ცალკეული სეგმენტები კლდოვანი ფერდობის ეროზიისგან დროთა განმავლობაში დაიშალა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარესტავრაციო პროცესი არქიტექტორ-რესტავრატორების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება და მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.
ერისთავების სასახლისა და ერკეთის მთავარანგელოზის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ფონდი „ქართუს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნენ.
2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის მასშტაბი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
სახელმწიფოს და კერძო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მზარდი მხარდაჭერის პირობებში დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს. სარესტავრაციო, საკონსერვაციო და არქეოლოგიური სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფონდ „ქართუს“ მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება. მიმდინარე წელს ფონდი „ქართუს“ ფინანსური რესურსით იქნება უზრუნველყოფილი 53 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კი წელს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე წარიმართება.
გორა-ბერეჟოულის ერისთავების სასახლე განსაკუთრებულია მისი ორი სხვადასხვა პერიოდის არქიტექტურით, რომელიც ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის. ამ დროისათვის შემორჩენილი სასახლის ნაგებობა წარმოადგენს ორსართულიან სახლს, რომლის დასავლეთ მთავარ ფასადს კუთხეებიდან უვითარდება კარგად დაცული ქვის გალავანი. გალავანი ოვალთან მიახლოებული მოხაზულობის გეგმარებას იმეორებს. მის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია კარიბჭე. კომპლექსზე არსებული ნაგებობები სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება. გალავანი XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზეა ნაშენი, სახლი კი XIX საუკუნისაა. ორსართულიანი სახლის გეგმარება, პირველ და მეორე სართულზე ერთმანეთის იდენტურია, რომელშიც არსებობს ორ-ორი ოთახი. პირველ სართულზე მარანი და სამეურნეო დანიშნულების სათავსო უნდა ყოფილიყო. სასახლის შესასვლელი დახურულია ხის აივნით, რომლის საყრდენს წარმოადგენს ქვის კედლებისგან ნაშენი ოთხკუთხა სვეტები, რომლებიც სრულდება მოხდენილი კაპიტელებით.
მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მდებარეობს. მონასტერი სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, შემაღლებული გორაკის ფარგლებშია განლაგებული. მონასტრის აქ დაარსება გორაკის თავზე, მოსწორებულ ბაქანზე არსებულმა ეკლესიამ განაპირობა. არსებული ეკლესია დარბაზულია დასავლეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები