აბაშიძე კარასინის განცხადებაზე: საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია, – ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ “საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს”.
როგორც აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რუსეთის მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.
„ეს ჩვენ ხშირად გვსმენია. ამას ყოველთვის ხაზს უსვამენ, ყველგან აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ნატო-ს მიმართ და ზოგადად, ჩვენი თანამშრომლობის მიმართ ალიანსთან. რუსეთის მხარე ამ საკითხს ყველგან აყენებს, სადაც აქვთ ამის საშუალება. ჩვენ ამ დისკუსიაში არ შევდივართ. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი ფორმატით გათვალისწინებული. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა, სუვერენული არჩევანი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. ჩვენ შემოვიფარგლებით ასეთი კომენტარით და დისკუსიაში ამ საკითხზე არ შევდივართ”,- განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, აბაშიძის თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე საუბარი პრაღაში შეხვედრის ფორმატით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა რუსეთმა ეს საკითხი მაინც დააყენა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები