ეკატერინე მიქაბაძის ხელმძღვანელობით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს” შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს” შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს საჯარო უწყებებისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის რეფორმის, ტელეკომუნიკაციის სფეროში რეფორმის თაობაზე და პრეზენტაცია ხორბლისა და ფქვილის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე გაიმართა დისკუსია თემაზე “კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები”.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საკონსულტაციო საბჭო საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის მიზნით შექმნილი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელზეც ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მისი საქმიანობისთვის შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება მოახდინოს და ინფორმაცია მიზნობრივ აუდიტორიას დროულად და შუალედური რგოლის გარეშე მიაწოდოს. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში სახელმწიფო უწყებებსაც აქვს შესაძლებლობა, გააცნონ კერძო სექტორს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ბიზნესი სრულად იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
„კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო” 2016 წლიდან ფუნქციონირებს და კვარტალში ერთხელ რეგულარულ შეხვედრებს მართავს, რომლის დროსაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N100; 26.02.2016წ.) დამტკიცებული „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის” შესაბამისად. რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს კერძო სექტორსა (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები