“პრობლემურ ადგილებზე რისკების შემცირების ერთადერთი ბერკეტი ამ ადამიანების გამოსახლება და შენობა-ნაგებობის დანგრევაა”

თბილისის მერი კახა კალაძე რისკის შემცველ ტერიტორიებზე აშენებული კორპუსების პრობლემას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი ბერკეტი ამ ადამიანების გამოსახლება და შენობა-ნაგებობის დანგრევაა. თუმცა მისივე განცხადებით, ასეთი პრობლემური ურბანული განვითარება ქალაქში ბევრია და მერია ყველას ამ მეთოდით ვერ მიუდგება.
„დაზღვეული არავინ არის, როდესაც სტიქია ხდება და ამის პრევენცია ზოგადად შეუძლებელია სტიქიის დროს. რეკომენდაციები, რომელიც იყო გაცემული განგაშის სისტემასთან დაკავშირებით, ეს გაკეთებულია. გაკეთებულია შესაბამისი ცხაურები – ეს რამდენიმე მილიონი დაჯდა, თუმცა არის შენობა – ნაგებობები, რომელიც შეიძლება ისეთ ადგილებში იყოს, რომელიც პრობლემურია. ამ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას. ერთადერთი, უნდა გამოასახლო ეს ადამიანები, დაანგრიო ის შენობა-ნაგებობები – ესაა ბერკეტი. მეორე მხრივ, ეს ძალიან რთული თემაა. ასეთი მიდგომით ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა ქალაქში და არა მხოლოდ ვერეს ხეობაში, პრობლემურია ურბანული თვალსაზრისით. მიუღებელია ამ შენობებისთვის ნებართვის მიცემა, მიუღებელია, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხარო რეალობა გვაქვს ამ თვალსაზრისით და „მოდით, რომელიც არ მოგვწონს ყველა დავანგრიოთ“ მიდგომა არასწორია – არ ვიცი, გვაქვს კი ამის რესურსი?!
თბილისის სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიაზე არსებული მშენებლობები ეს არის სახე იმისა, თუ როგორ არ უნდა მოხდეს ქალაქის ურბანული განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები