ვასილ ბასილაძე: დაავადება „თურქულის“ საწინააღმდეგო ბრძოლის პროცესში საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა

მწვავე ვირუსული დაავადების – „თურქულის“ საწინააღმდეგო ბრძოლის პროცესში საქართველო რეგიონში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სურსათის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე – ვასილ ბასილაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყოველწლიურ საველე სიმულაციურ სავარჯიშოს დაესწრო.
„აღნიშნული დაავადება საქართველოს ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. მიმდინარეობს კონსულტაციები დაბალი რისკის ზონების შესაქმნელად და რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და მესტიის რეგიონის “თურქულისაგან” თავისუფალ ზონად გამოსაცხადებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და მეცხოველეობის განვითარებას“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.
სიმულაციური სავარჯიშო, კონტროლის ევროპული კომისიის (EuFMD) მხარდაჭერით, საქართველოსა (სამცხე ჯავახეთი) და თურქეთის (არდაჰანი) ტერიტორიებზე ერთობლივად ტარდება და მასში საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ვეტერინარული სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სიმულაციური სავარჯიშოს მიზანია “თურქულისა” და სხვა ტრანსსასაზღვრო დაავადებების კუთხით ქვეყნის საგანგებო მზადყოფნის შეფასება; რისკების მართვის მიზნით, ვეტერინარულ სამსახურებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ცნობიერების ამაღლება.
მოსაზღვრე და ახლომდებარე ქვეყნებში დაავადების ახალ-ახალი აფეთქებები, ცხოველების მოვლა-შენახვის მომთაბარე სისტემა (ცხოველების სეზონურ საძოვრებზე მიგრაცია), ვირუსის შენარჩუნება გარემოში და არასტრუქტურულ ცილებზე კვლევის შედეგები ქმნის გარკვეულ რისკებს, რომლის გათვალისწინებითაც საქართველოში ყოველწლიურად ორჯერადად ტარდება “თურქულის” საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სისხლის ნიმუშების კვლევა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს თურქულის საწინააღმდეგოდ 654 642 სული ცხოველია ვაქცინირებული, მათ შორის – 333 574 სული მსხვილფეხა და 320 868 სული წვრილფეხა პირუტყვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები