“C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევა 1 700 000 -ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა, მათ შორის 55 000-მა პირმა მკურნალობის პროცესი დაასრულა”

0

„C ჰეპატიტზე მარტივი სკრინინგული კვლევა 1 700 000 -ზე მეტ პირს ჩაუტარდა. მათგან დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარებული აქვს 60 000-მდე ადამიანს და მკურნალობის პროცესი დამთავრებული აქვს 55 000-მდე პირს“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უფასო სკრინინგული კვლევების ჩატარება შესაძლებელია როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ისე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში.
ამასთან, ეკა ადამია განმარტავს, რომ სკრინინგული კვლევის ჩატარება ქვეყნის მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში არის ხელმისაწვდომი.
„სწრაფი, მარტივი სკრინინგული კვლევა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით ყველა დონეზე, სავალდებულოა სტაციონირებული ყველა პაციენტისათვის. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში. ასევე, ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. უფრო მეტიც, ის ხელმისაწვდომია ისეთ არასამედიცინო დაწესებულებებში, როგორიცაა იუსტიციის სახლები. ქვეყნის მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში არის ხელმისაწვდომი სწრაფი, მარტივი სკრინინგული კვლევის ჩატარება, რომელიც არის სრულიად უსასყიდლო და პაციენტს არცერთი თეთრის გადახდა უწევს ამ კვლევის ჩასატარებლად. ამ მაქსიმალურმა ხელმისაწვდომობამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მილიონ 700 000 პირი არის, დღეის მდგომარეობით, დასკრინინგებული და ეს რიცხვი, დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება.
C ჰეპატიტზე, ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ანუ 2019 წლის ივნისის მდგომარეობით, პროგრამაში სწრაფი, მარტივი სკრინინგული კვლევა ჩატარებული აქვს 1 700 000 -ზე მეტ პირს. მათგან დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარებული აქვს 60 000-მდე მეტ პირს და მკურნალობის პროცესი დამთავრებული აქვს 55 000-მდე ადამიანს. ეს არის ძალიან სერიოზული მაჩვენებელი, რასაც მიაღწია ელიმინაციის პროგრამამ“, – აცხადებს ეკა ადამია.
ამასთან, ეკა ადამია განმარტავს, რომ პროექტის დეცენტრალიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია, რაც გულისხმობს პროგრამის არა მხოლოდ სკრინინგული და სწრაფი, მარტივი ტესტის გავრცელებას, არამედ მთლიანად პროგრამის – მკურნალობისა და მოვლის სერვისების გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და ზიანის შემცირებას ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი