უკრაინაში მოსამართლე, რომელმაც სააკაშვილს შიდაპატიმრობა არ შეუფარდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის მართლმსაჯულების უმაღლესმა საბჭომ გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს პეჩერსკის რაიონის მოსამართლე, ლარისა ცოკოლი, რომელმაც საქართველოს ექსპრეზიდენტსა და “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
“მართლმსაჯულების უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება,​ პეჩერსკის რაიონის მოსამართლე – ლარისა ცოკოლი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი, არც იმაზე, თუ რატომ იხილება მისი საკითხი უკვე მესამე სხდომაზე. თუმცა თავად ლარისა ცოკოლი აღნიშნულს 2017 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს და ამბობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი პროკურატურისთვის უარის თქმა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებაა.
აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს უკრაინის მართლმსაჯულების უმაღლესმა საბჭომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება ცოკოლის გათავისუფლების თაობაზე  მისთვის ექვსი თვით უფლებამოსილების შეწყვეტასა და მოსამართლის გადასამზადებელ კურსებზე გაშვებით შეცვალა. ერთი კვირის შემდეგ კი უმაღლესმა საბჭომ ​ ცოკოლის კვლავ თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლარისა ცოკოლი ფართო აუდიტორიისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2017 წლის 11 დეკემბერს არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები