პრემიერი: ჩვენ ვართ წარმატებული ამ არჩევნებში, რადგან ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას პრობლემების დასაძლევად კონკრეტული გეგმა აქვს

ჩვენ ვართ წარმატებული ამ არჩევნებში, რადგან ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად, – ამის შესახებ საქათველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ,  ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ლადო კახაძეს მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენ ყოველდღიურად ვღებულობთ კონკრეტულ გზავნილებს ჩვენი საზოგადოებიდან, თუ რა არის გასაკეთებელი. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ საქართველოში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას ჩვენ შევძლებთ ერთ დღეში ან ერთ თვეში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასთან დიალოგის გზით თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ქართულ ოჯახს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის რეფორმები, რომელიც კეთდება ჩვენს მიერ, ის პროექტები და ინიციატივები, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ, გახდება იმის წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებლად დაძლევს ეკონომიკურ სიდუხჭირეს. საქართველო აუცილებლად დაძლევს სიღარიბეს. ჩვენ ვართ ძალიან კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებულები. ჩვენ თითოეულ არჩევნებში მივიღეთ გზავნილები ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს გზავნილები არის ძალიან კარგად გააზრებული, რომელმაც მათ შორის მინდა გითხრათ, რომ გამოიწვია ეკონომიკური პოლიტიკის დაკორექტირება, გამოიწვია ახალი პროექტების ინიცირება, გამოიწვევს ახალი პროექტების ინიცირებას, მათ შორის მიმდინარე წლის შემოდგომაზე,სადაც კიდევ უფრო ნათლად გახდება თითოეული მოქალაქისთვის, რომ „ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს საქართველოში სიღარიბის შემცირებას და მის დაძლევას. სწორედ „ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო გააგრძელებს სტაბილურ განვითარებას და მიაღწევს მის მიერ დასახულ მიზნებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები