ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე: აშკარად ჩანდა ხარვეზები გამოძიებაში და თუ ამის უკან სამართალდარღვევაა, რეაგირება აუცილებელია

აშკარად ჩანდა გარკვეული ხარვეზები გამოძიებაში, მათ შორის, იქ იყო იგივე დაკითხვები შეიძლება ჩატარებულიყო და არ ჩატარდა, ჩხრეკა და ასე შემდეგ, არაერთი გარემოება იყო მოცემული და თუ ამ გარემოებების და ხარვეზების უკან დგას სამართალდარღვევა, ამ შემთხვევაში, რეაგირება არის აუცილებელი. სწორედ ეს წერია საპარლამენტო დადგენილებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებსა და საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დადგენილებაში მთავარი იყო, ყველა მიმართულებით გაგრძელებულიყო გამოძიება და გამოძიებულიყო შესაძლო სამართალდარვევის ფაქტები.

„ორი ფაქტორია, რაზეც ყურადღებას გავამახვილებ. ერთი – რაც შეეხება კომისიის შეფასებას, იყო, გეთანხმებით, სხვადასხვაგვარი განცხადებები ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, მე არაერთხელ დავაფიქსირე პოზიცია კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე, მე მადლობას ვუხდიდი კომისიას, კომისიის ხელმძღვანელობას, კომისიის მთლიან შემადგენლობას იმისთვის, რომ მათ გასწიეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და დადგინდა მნიშვნელოვანი გარემოებები ამ კომისიის მუშაობის შედეგად. ეს ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორს რაც შეეხება, მეორე ფაქტორი არის ის, რომ მე პირადად და ჩემი გუნდის წევრები ასევე, ძალიან ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ წინ იყო მეორე ინსტანცია, წინ იყო მესამე ინსტანცია. წინ იყო გამოძიება, მათ შორის, იყო გარკვეული მიმართულება გამოძიებაში, რომელიც საერთოდ არ იყო, პრაქტიკულად, განვითარებული, მაგალითად, იგივე დანაშაულის დაფარვის ნაწილში, პრაქტიკულად, გამოძიებას არ ჰქონდა გაშლილი საკუთარი საქმიანობა. ყოველთვის ვაცხადებდით ჩვენ, რომ ჯობდა, დავლოდებოდით მეორე ინსტანციას, მესამე ინსტანციას, მანამდე გამოძიებას და ამის შემდეგ, როდესაც უკვე საბოლოოდ დაიხურებოდა ეს საქმე, იქ სჯობდა, გაგვეკეთებინა დასკვნები და რეალურად, გამოჩნდა, რომ ვიყავით მართლები, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პირველი, და თან, ეს არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმე, სადაც სწრაფ ტემპში უწევს გამოძიებას მოქმედება, შესაბამისად, სწრაფ ტემპში წავიდა საქმე პირველ ინსტანციამდე და ამანაც განაპირობა ის, რომ სრულფასოვნად ვერ ჩამოყალიბდა განაჩენი პირველი ინსტანციის დონეზე, თუმცა, უკვე მერე იყო სათანადო დრო მეორე ინსტანციამდე და აქ უკვე არსებითად შეიცვალა ვითარება.

დადგენილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. მაშინ იყო ერთი კომისიის დასკვნა, მეორე – საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული საპარლამენტო დადგენილება. იქ იყო რამდენიმე მოწოდება, მათ შორის, იყო მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მიმართულებით გაგრძელებულიყო გამოძიება და ეს ეხებოდა, რა თქმა უნდა, კონკრეტულ სახელებსაც და გვარებსაც და მეორე ნაწილია, ასევე, ამ დადგენილებაში, რომელიც ეხება შესაძლო გადაცდომებს თუ სხვა სამართალდარღვევებს, შესაძლო ჩადენილს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან და ამასთან დაკავშირებით, ჩვენი რეკომენდაცია დღესაც რჩება ძალაში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები