ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები განვიხილოთ და კანონმდებლობაში ავსახოთ

0

არჩევნებმა, შეიძლება, დაკარგა აზრი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა არჩევნები ვერ დაკარგავს თავის აზრს ქართული დემოკრატიისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია ,,პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არიან, ყველა რეკომენდაცია განიხილონ და კანონმდებლობაში ასახონ.

„მომავალშიც დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. რაც შეეხება კონკრეტულ შენიშვნებს, ჩვენ ვიკრიბებით ზუსტად ზეგ, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ზუსტად აქცენტი გაკეთდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია განვიხილოთ და ავსახოთ კანონმდებლობაში. არის ჯამში, დაახლოებით, 30-40 რეკომენდაცია, მათ შორის, ტექნიკურ საკითხებს ეხება, შინაარსობრივ საკითხებს, ჯერ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, თითოეულ საკითხზე გვექნება დეტალურად დისკუსია და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შევიდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას. ხარვეზები არის ყველა არჩევნებში, თუმცა, კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რაც არის ამომრჩევლის განწყობა, იმ განწყობისგან არ განსხვავდება, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგები. პარტიული რესურსით შეიძლება პლუს-მინუს 2-3 % შეიძლება მოუმატო, ან დააკლო შენს საარჩევნო შედეგს, მაგრამ ამის იქით არჩევნების შედეგი ვერ იცვლება. იგივე გახსოვთ არჩევნების პირველ ტურში, რაც იყო საბოლოო ჯამში განწყობა, ის განწყობა აისახა და დაფიქსირდა 39 % ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ – პირველ ტურზე მაქვს საუბარი. თუ განწყობა არის კონკრეტული, საზოგადოების მხრიდან ამ განწყობას ვერანაირად ვერ გადააქცევ 40 პროცენტიდან 60 პროცენტად და ვერც 7 და 8 პროცენტს ვერ მოუმატებ, ეს არის რეალური სურათი, განსხვავებით იგივე წინა ხელისუფლების პრაქტიკისგან, რომელიც რეალურად ათპროცენტიან და ოცპროცენტიან გაყალბებას ახორციელებდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი