თამარ ჩუგოშვილი: ამერიკის სახელმწიფო მდივანთან პრემიერმინისტრის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია

“ამერიკის სახელმწიფო მდივანთან პრემიერმინისტრის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერს.
„დღემდე გამართული შეხვედრების უდიდესი ნაწილის მიზანი იყო, რომ საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, თუ საინვესტიციო კლიმატი და ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალი როგორია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, არამედ – ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ამერიკული კომპანია გვჭირდება, რათა ეკონომიკასაც ხელი შეეწყოს და უსაფრთხოებაც დაცული იყოს. რაც შეეხება პომპეოსთან შეხვედრას – ამერიკის სახელმწიფო მდივანთან პრემიერმინისტრის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირია. რაც შეეხება კონკრეტულად შეხვედრაზე განხილულ საკითხებს – ალბათ, ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება, რაც პრემიერი და მთავრობა შეხვედრების შემაჯამებელ პირველ განცხადებას თავად გააკეთებენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერს და ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები