მიხეილ დარჩიაშვილი CBRN-ის მსოფლიო კონგრესს დაესწრო
საქართველო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს (CBRN) პირველად მასპინძლობს. ღონისძიება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ოფიციალურად გაიხსნა. საინაუგურაციო ნაწილში თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი მონაწილეობდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო CBRN-ის ეროვნული პოლიტიკის განხორციელების საქმეში ჩართულია. მინისტრის მოადგილემ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, რეფორმების ერთ-ერთ მიმართულებას CBRN-ის შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკელ და გერმანელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მიხეილ დარჩიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სენატორ რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. საერთაშორისო კონგრესს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე ენდრიუ ვებერი, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი რიჩარდ ნორლანდი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.