გიორგი ვოლსკი: ჩვენი ოპონენტები მოსახლეობის მხრიდან ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს – ხახვს, ნიორს, ჰიპნოზსაც კი

„ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს – ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმაბს, ჰიპნოზსაც კი, ადამიანი, რომელიც ჩასჩურჩულებს მეორე ადამიანს, “41” შემოხაზოს, ძველ ბიჭებს, რასაკვირველია, სხვა გარემოებებს და არა – საკუთარ თავს”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დაამჩნია წარსულმა – იქნება ეს ადამიანის უფლებების თუ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სხვა სფეროები, უფრო მეტიც, არათუ შეაფასეს საკუთარი თავი, არათუ შალვა შავგულიძის სახით ჩამოიცილეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს თავად შალვა შავგულიძის რენომე, თუკი რაიმე კიდევ ჰქონდა შერჩენილი სააკაშვილთან ალიანსის შემდეგ.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ საზოგადოებამ გამოავლინა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური ნიჭი, ცნობიერება, ვითარების შეფასების უფრო გაცილებით მაღალი უნარი, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს და ამჟღავნებს.
„ცალკეული და ხშირად პროვოკაციული ვითარების მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს გაცილებით უფრო მეტი ურთიერთლოიალობა აქვს, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთის მიმართ. ეს აშკარად ჩანდა ყველგან, სადაც ჩატარდა არჩევნები და ყველგან, ვგულისხმობ დღევანდელ პარლამენტსაც. ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილისთვის უფრო მისაღებია ამ რთულ და წინააღმდეგობებით, გამოწვევებით აღსავსე გარემოში მართვის მექანიზმები ჰქონდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, განვითარების პერსპექტივას და არა რევოლუციურ სცენარებს, საღად აფასებს წარსულს და მიმდინარე პროცესებს” – განაცხადა ვოლსკიმ.
მან მოუწოდა არჩევნებში გამარჯვებული მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადონ ამომრჩეველს.
„ყველამ, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში: მერებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა, პარლამენტის წევრებმა, მადლობა უნდა უთხრათ არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მათაც , რომლებმაც მხარი არ დაგვიჭირეს. ამისათვის გარკვეული მიზეზები გააჩნიათ, მაგრამ თავიანთი პოზიცია გამოხატეს საარჩევნო ყუთებთან და არა ამ ისტერიულ გამოხტომებზე აყოლით, რომელიც შემოგვთავაზა არამარტო ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და პიროვნებებმა, არამედ კონკრეტულმა საინფორმაციო საშუალებებმა, გამორჩეულებმა აგრესიით, უშვერი გინებით და უზნეობით. ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტების ხარჯზე სურთ ჩამოაყალიბონ ზონდერ ჟურნალისტიკის ახალი ტრენდი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები