“ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას, წინა ხელისუფლების პირობებში ეს ტერიტორია, პრაქტიკულად, გაყიდული იყო”

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, დავით გარეჯს არავინ დათმობს, როგორ ეს წინა ხელისუფლების პერიოდში მოხდა, როდესაც, მისივე თქმით, გარეჯი, ფაქტობრივად, გაყიდული იყო.
​ინაშვილის განცხადებით, გასაანალიზებელია ის შეცდომებიც, რომლებიც სადემარკაციო კომისიამ წლების განმავლობაში დაუშვა.
“კიდევ ერთხელ მინდა, მივაპყრო თქვენი ყურადღება დავით გარეჯის თემას. დღეს არის მცდელობა, ჩაქრეს ეს თემა, თითქოს, არაფერი ხდება და, თითქოს, ეფექტურად მუშაობს სადემარკაციო კომისია. მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას და არ მოხდება ის, რაც მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, როცა, პრაქტიკულად, გაყიდეს დავით გარეჯი. დიახ, წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა, როდესაც გამოდიოდნენ ხელისუფლების პირველი პირები და პირდაპირ ამბობდნენ, რომ გარეჯის ნახევარი არის აზერბაიჯანის კუთვნილება, თურმე და არა – ჩვენი. ჩვენ არავინ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ უნდა დავიცვათ პატივისცემა, არ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება. დიახ, პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს, პატივს ვცემთ აზერბაიჯანს, მაგრამ ჩვენც ველით პატივისცემას აზერბაიჯანისგან და, პირველ ყოვლისა, იმედი გვაქვს მისი პრეზიდენტის, რომელიც ძალიან გონიერი ადამიანია, ბატონი ალიევი.
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ის შეცდომები, რაც დაუშვა სადემარკაციო კომისიამ წლების განმავლობაში და ეს უბრალო შეცდომები არ არის. ჩადენილია დანაშაული. მე გეუბნებით ღიად ამას. და ეს არის გამოსაძიებელი, რა რისკებით ხელმძღვანელობდნენ, რა პერიმეტრებს როგორ ათანხმებდნენ, რა მოლაპარაკებები მიჰყავდა ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან, რამდენად მომგებიანი თუ საზიანო იყო ეს ქართული სახელმწიფოსთვის. პირდაპირ მივმართავ პროკურატურას, დაიწყოს სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შემსწავლელი გამოძიება და თუ ეს გამოძიება არ დაიწყება, პარალელურად, დავაყენებთ საკითხს, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სადემარკაციო კომისიის საქმიანობას შეისწავლის. ქართული მიწის დაცვას ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჰექტარ-ჰექტარ ხდება ქართული მიწის დათმობა არა მარტო წინა ხელისუფლების პირობებში – “ქართული ოცნების” პირობებში მოხდა თურქეთისთვის 6 ჰა მიწის გადაცემა, პირდაპირ ჩუქება. და ეს არის დანაშაული. ქართული მიწის დაცვა არის ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა და ის, რასაც ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ, დღეს ასე ჰექტარ-ჰექტარ დათმოთ, ეს ასე არ გამოგივათ თქვენ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
​მისივე თქმით, შაბათს, 4 ივნისს თავისუფლების მეტროსთან შეკრებაც სწორედ იმას ემსახურება, ყველამ გაიგოს, რომ დავით გარეჯის დათმობას არავინ არ აპირებს.
“​სწორედ ამიტომ იკრიბება შაბათს, დღის 4 საათზე ქართველი ხალხი თავისუფლების მოედანზე – ჩვენი ინიციატივით. ყველას მოვუწოდებ, შემოუერთდნენ ამ შეკრებას თავისუფლების მოედანზე იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც ნახოს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც გაიგოს, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას. არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. ეს გზავნილი გვინდა, წავიდეს თბილისისა და ბაქოს მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ არცერთ რაღაც ენ-ძალებს არ მიეკეროს ეს თემა, რისი მცდელობაც დღეს არის. ეს რაღაც ბოროტი ძალები არსებობდნენ წინა რეჟიმის პირობებში, როდესაც სამარცხვინოდ ყიდდნენ დავით გარეჯსაც და ქართული მიწის 22% -ც სამარცხვინოდ ჩააბარეს მოწინააღმდეგეს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები