გვენეტაძე გოცირიძეს – „რეზერვები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს“

„რეზერვები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს“, – ამ სიტყვებით უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ რომან გოცირიძის შეკითხვას, რომელიც ლარის კურსის ცვლილებას ეხებოდა.
რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხა, რა არის ერონული ბანკისთვის მთავარი – ლარის კურსის, ფასების სტაბილურობა თუ საერთაშორისო რეზერვების შევსება.
„სარეიტინგო კომპანიების შეფასებებში ყოველთვის ხაზგასმულია, რამდენად ადეკვატურია ეროვნული ბანკის რეზერვები. აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც არის საშუალება, რეზერვებს ვაგროვებთ. როგორც წესი, ინტერვენციის პერიოდში კურსის მიმართულება არ იცვლება. საშუალოვადიან პერიოდში გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა აქვს იმ ინტერვენციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს და ეს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას უწყობს ხელს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან გვენეტაძე განმარტავს, რომ ერთ-ერთი პოპულარული იდეაა პროცესში ეროვნული ვალუტის გაუფასურების დაწყებისთანავე ჩარევა, თუმცა ეს კონტრპროდუქტიულია.
„საქართველოს სავალუტო ბაზარი არ არის ისეთი მცირე, როგორიც ადრე იყო, როდესაც კურსის ფორმირებაზე რამდენიმე მილიონს შეეძლო, გავლენა მოეხდინა. აქედან გამომდინარე, გაუფასურების დროს ინტერვენცია კონტრპროდუქტიულია, თუ განსაკუთრებით დიდ ერთჯერად მოვლენასთან არ გვაქვს საქმე. გაუფასურების შემთხვევაში, მოკლევადიან რყევებზე მოლოდინების ჩასაქრობად ჩარევა კონტრპროდუქტიულია, რადგან აღვივებს სპეკულაციურ მოლოდინებს და უფრო მეტ გაუფასურებას იწვევს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას თუ არ შეიძენს და კურსს მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტად გამყარების საშუალებას მისცემს, ამან შეიძლება, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემცირება გამოიწვიოს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 6 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი იყიდა, 7 ივნისს კი 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები