აკაკი ზოიძე: ვიმსჯელეთ, როგორ გახდეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების მედიკამენტები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანია – „ფაიზერის” ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელს, ჰოდიკ მიქაელს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ფაიზერის” კომპანიას თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამა აქვს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. ეს შეეხება თამბაქოსგან თავის დანებების მედიკამენტოზურ საშუალებებსა და შესაბამის საკონსულტაციო მომსახურეობებს. ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამომავლო ურთიერთობებისთვის კონკრეტული წინადადებები წარმოადგინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდნენ ამ მავნე ჩვევისგან. საქართველოს მოსახლეობის 1/3 თამბაქოს მომხმარებელია, რაც, თავის მხრივ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული – ეს არის ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებები, რომლებიც 15 წლით ნაადრევ სიკვდილს იწვევს და თამბაქოს მოხმარება, ასევე, მნიშვნელოვნად აისახება მომხმარებელთა ფინანსურ ნაწილზე. ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების მედიკამენტები და შესაბამის პროგრამაში მონაწილეობა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.