შსს – N14 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, გ.ბ.-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ის მოქალაქეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა
მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში 10 ივნისს დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
ამ ეტაპზე, დგინდება, რომ 9 ივნისს თბილისში, ჯამბულის ქუჩაზე მდებარე N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 1986 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მოქალაქეებს.
ამ ეტაპზე, პოლიციის მიერ აღნიშნული ფაქტის შესწავლით, არ დგინდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
მიმდინარეობს ინციდენტის შემსწრე პირთა გამოკითხვები”, – აცხადებენ შსს-ში.