ნიკოლოზ მჟავანაძე: სუიციდის სტატისტიკა შოკისმომგვრელია, ბოლო რვა წლის განმავლობაში 2905 ადამიანმა მოიკლა თავი

“ბოლო რვა წლის განმავლობაში 2905 ადამიანმა მოიკლა თავი. სტატისტიკურად, ყოველდღიურად ერთი ადამიანი იკლავს თავს”, – ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში საგრძნობლად იმატა თვითმკვლელობათა რიცხვმა. “უფლებადამცველთა გაერთიანება’’ თვითმკვლეობათა სტატისტიკით დაინტერესდა და, შსს-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მედიას ბოლო 8 წლის სტატისტიკა წარუდგინა. როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, სტატისტიკა შოკისმომგვრელია.
„კვლევა ჩატარდა 2011 და 2018 წლების მონაცემის საფუძველზე, რის შედეგადაც სურათი ასე გამოიყურება: 2011-293, 2012-315, 2013-312, 2014-382, 2015-400, 2016-469, 2017-361, 2018-373 ადამიანმა ჩაიდინა სუიციდი. ჯამურად, ბოლო რვა წლის განმავლობაში 2905 ადამიანმა მოიკლა თავი. საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად ერთი ადამიანი იკლავს თავს და ეს ციფრი მზარდია წინა წლებთან შედარებით. თვითმკვლელობების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი 23-50 წლის ადამიანებშია, მაგრამ ბოლო პერიოდში იმატა 16-20 წლამდე თვითმკვლელობათა რიცხვმა. სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ფიქსირდება და მათი გამომწვევი მიზეზები: ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ან მომაკვდინებელი დაავადებები, დეპრესია, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები, ახლობელ ადამიანთან განშორება“, – განაცხადა მჟავანაძემ.
მისივე თქმით, გაერო-ს მონაცემებით, ქართველი ერი მომაკვდავ ერთა სიაშია შესული და თვითმკვლელობათა რიცხვის გაზრდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას.
„თუ ხელისუფლება ექსპერტებთან ერთად არ დაიწყებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისთვისკენ ნაბიჯების გადადგმას, ძალიან მალე ერი საბოლოო გაქრობის წინაშე შეიძლება, დადგეს“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები