ოთარ ანგურიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო გამოცემები დადებით შეფასებებს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე

“ასეთი შეფასებები ქმნიან შესაძლებლობას, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით, რაც ქმნის მეტი ეკონომიკური დოვლათის შექმნის შესაძლებლობას”, – ასე გამოეხმაურა თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე ავტორიტეტული გამოცემის – Global Finance-ის მიერ საქართველოს შეფასებას.
ოთარ ანგურიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო გამოცემები დადებით შეფასებებს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე.
მისი თქმით, ასეთი შეფასებები ქმნიან შესაძლებლობას, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით, რაც ქმნის მეტი ეკონომიკური დოვლათის შექმნის შესაძლებლობას.
„განხორციელებული საგადასახადო რეფორმები, რომლითაც საქართველო გახდა რეგიონში ყველაზე ლიბერალური და დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა, იძლევა შესაძლებლობებს, რომ უფრო მეტი პოზიტიური გარდაქმნა მოხდეს და გაუმჯობესდეს ქვეყნის სოციალური მდგომარეობა”, – განაცხადა თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, დღეს საქართველო თავისი საინვესტიციო გარემოთი საკმაოდ მიმზიდველია არა მხოლოდ ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებმაც ზუსტად იციან, რაში ჩადონ ფული, არამედ – ფინანსური ინვესტორებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თანხის განთავსება, აინტერესებთ და მოსწონთ საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველოს მთავრობისგან მოელიან კონკრეტულ პაკეტებს, კონკრეტულ შეთავაზებებს.
„არსებული პოლიტიკა მიმართულია, განხორციელდეს უფრო ეფექტიანი და კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც გამოიხატება უფრო სწრაფ, გამჭვირვალე და ეფექტურ გადაწყვეტილებებში ინვესტორებსა და ბიზნესებთან მიმართებით”, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ – Global Finance – მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნესრეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა. გამოცემამ საქართველო მოიხსენია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნული ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროპის ქვეყნებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები