იოსებ არჩვაძე: ბიზნესის კეთების მიხედვით რეიტინგული გაუმჯობესება უკვე მატერიალური რესურსია
ეკონომიკის დოქტორის, იოსებ არჩვაძის განცხადებით, Global finance-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა.
„Global finance-ის შეფასება საერთაშორისო რეიტინგებს ეფუძნება, სადაც საქართველო წამყვან, ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე, პოზიტიურ ბიზნესკლიმატზე, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობასა და მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე“, – განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, იოსებ არჩვაძემ.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, აღნიშნული შეფასება სერიოზული გზავნილია ინვესტორებისათვის საქართველოში ბიზნესაქტიურობის გაფართოებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად.
მისი თქმით, ლიბერალური და დაბალი საგადასახადო განაკვეთები, სტაბილური და მუდმივად გაუმჯობესებად რეჟიმში მყოფი ბიზნესგარემო სულ უფრო ზრდის საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევის პერსპექტივას, თანაც არა მხოლოდ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო კუთხით, არამედ – ფინანსური ასპექტითაც.
„უცხოური ფინანსური კაპიტალის დაინტერესება უკვე ცდება საქართველოს ეკონომიკის მასშტაბებს და ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებით ქმნის სერიოზულ პლაცდარმს მის მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოებში აქტიური მოქმედებისათვის“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
საერთაშორისო გამოცემა – Global Finance Magazine-ი საქართველოს შეფასებისას დაეყრდნო ისეთ ავტორიტეტულ რეიტინგებსა და კვლევებს, როგორებიცაა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ კონკურენტუნარიანობის ანგარიში, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი და სხვა.